საზაფხულო სკოლის პროგრამა (თუმცა ასეთი პროგრამები ზამთრისა და სააღდგომო არდადეგების პერიოდშიც არსებობს) მოიცავს ენის შესწავლას (ჩვეულებრივ 3 – 4 გაკვეთილი დღეში), სხვადასხვა სპორტულ, გასართობ ღონისძიებებსა და ექსკურსიებს.
სახაფხულო სკოლის ღირებულებაში აგრეთვე შედის საცხოვრებელი პირობები და კვება. აეროპორტში დახვედრაც და გაცილება შედის ღირებულებაში, ან ცალკე გადასახადს ექვემდებარება. საზაფხულო სკოლებისა და პროგრამების არჩევანი ფართოა.
რა სხვაობაა მათ შორის? უპირველეს ყოვლისა, ის, თუ ვინ (რა ორგანიზაცია) და სად ატარებს ამ პროგრამას.
საზაფხულო პროგრამებს ბავშვებისთვის ხშირად უცხო ენის სკოლები ატარებენ და საზაფხულო სკოლა მათი ერთ-ერთი პროგრამაა.
ზოგი სკოლა ამ მიზნით ქირაობს ზაფხულში თავისუფალ კერძო სკოლა-პანსიონების შენობა-ნაგებობებს. ზოგჯერ ეს ცნობილი ელიტარული სკოლებია, რომელთა კურსდამთავრებულთა შორის, მსოფლიოში ცნობილი უამრავი ადამიანია.
ხშირად ასეთი სკოლის ნახვის საშუალებას მხოლოდ საზაფხულო პროგრამა თუ მოგცემთ. გინახავთ ფილმი ჰარი პოტერის შესახებ? მაშინ ადვილად წარმოიდგენთ ასეთ სკოლას. მათ საკუთარი ტერიტორია აქვთ ქალაქგარეთ. აქ არის ყველაფერი სპორტისა და დასვენებისათვის, სუფთა ჰაერი და ლამაზი პეიზაჟები, ცალ-ცალკე შენობები სწავლისა და ცხოვრებისათვის. ბიჭები და გოგონები სხვადასხვა შენობაში ცხოვრობენ.
ცხადია, ასეთი სკოლა უსაფრთხოების სრულ გარანტიას იძლევა. ზოგ სკოლაში დამატებითი გადასახადის საფუძველზე შეიძლება ჩოგბურთის, გოლფის, ცურვისა და ცხენოსნობის გაკვეთილების დაჯავშნაც.
ზოგი სკოლა-პანსიონი თავად ატარებს საზაფხულო პროგრამას. ასეთი პროგრამები განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც ამ სკოლაში სწავლას აპირებს და უნდა, რომ წინასწარ გაეცნოს ამ სკოლაში სწავლისა და ცხოვრების პირობებს.